საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი დღეს, რეგიონული ტურისტული გიდის მოკლევადიანი გადამზადების კურსის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო, სადაც საქართველოს ოთხი რეგიონის 63 კურსდამთავრებულს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
აღნიშნული პროექტი კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მზარდაჭერით განახორციელა. პროექტის ფარგლებში რეგიონული ტურისტული გიდის მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა შემუშავდა, რომელიც პილოტირების ეტაპზე საქართველოს ოთხ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაინერგა. პროექტის ფარგლებში, პროფესიული მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის ასევე შეიქმნა ორი სახელმძღვანელო, რომელიც მომავალში მნიშვნელოვანად დაეხმარება კოლეჯებს/უნივერსიტეტებს მსგავსი ტიპის კურსების განერგვასა და განხორციელებაში.
პროექტი მიზნად ისახავდა როგორც გიდობის მსურველი სტუდენტების აღჭურვას, პროფესიის თანამედროვე ტენდენციების შესაბამისი კომპეტენციებით, ასევე რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების საფუძვლიან შესწავლას და ახალი ტურისტული მარშუტების შექმნასა და პრაქტიკაში დანერგვას. შემუშავებული კურსი და სახელმძღვანელოები მიმართულია ხელი შეუწყოს ადგილებზე იმ უნარების გაუმჯობესებას, რომელიც უზრუნველყოფს უნიკალური რეგიონალური თავისებურებებით გაჯერებული მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შექმნას.
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრსა (CTC) და აშშ-ის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს ხარისხიანად შესრულებული სამუშაოსა და პროფესიული განათლებისთვის ღირებული შედეგებისთვის, ასევე ყურადღება გაამახვილა რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებისა და ქყვეყნის კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით კომპეტენტური გიდების მომზადების მნიშველობაზე. თამარ ქიტიაშვილმა სურვილი გამოთქვა კურსი გახდეს ფორმალური განათლების ნაწილი და ამ მიზნით, სამინისტრო წაახალისებს შემუშავებული კურსის დანერგვას პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რათა მაქსიმალურად მეტმა მსურველმა შეძლოს კომპეტენციების განვითარება და საკუთარი რეგიონის სათანადოდ წარმოდგენა უცხოელი სტუმრების წინაშე.