რეფორმის ფარგლებში, 51-ე საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის ფიზიკური კულტურის გაკვეთილები სპორტის გაკვეთილებით შეიცვალა, ბიჭებში-კალათბურთით, გოგონებში-ფრენბურთით. ჩატარდა სასკოლო ჩემპიონატები ორივე საფეხურზე, გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდებიც, რომლებიც საქალაქო ან რესპუბლიკური ჩემპიონატის ჩატარების შემთხვევაში, თბილისის 51-ე საჯარო სკოლას წარმოადგენენ. ახალი სასწავლო წლიდან დაგეგმილია დაწყებით საფეხურზე მხატვრული ტანვარჯიშისა და კარატეს გაკვეთილების შემოტანა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, სკოლებში ფიზიკური კულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლების პროექტის განხორციელება 2009-2010 სასწავლო წლის III ტრიმესტრიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე შეირჩა 50 საპილოტე სკოლა, ხოლო სექტემბრიდან სპორტის გაკვეთილები ყველა სკოლაში იქნება დანერგილი.
51-ე საჯარო სკოლაში 2254 მოსწავლე სწავლობს. სკოლა აქტიურადაა ჩართული საგნობრივ ეროვნულ ოლიმპიადებში სკოლას წელს ჩვიდმეტი მედალოსანი ჰყავს, აქედან 6 ოქროს და 11 ვერცხლის.