კორპორაცია Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცეპრეზიდენტმა ენტონი სალსიტომ COVID-19-ის კრიზისის პირობებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს მაღალი შეაფასება მისცა:
„ჩვენ შთაგონებული ვართ იმ უზარმაზარი ძალისხმევითა და სიმტკიცით, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ COVID-19-ის კრიზისის საპასუხოდ სისტემის ადაპტაციის დროს გამოავლინა. სწორედ ეს ნაბიჯები დაეხმარა მოსწავლეებს, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, სწავლის შეუფერხებლად გაგრძელებაში.
OECD-მა საქართველო აღიარა, როგორც წამყვანი ქვეყანა ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ გვსურდა, შესაძლებლობა მიგვეცა სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, უფრო მეტი გაეგოთ საქართველოს მიდგომებისა და განვლილი გზის შესახებ.
ჩვენ ვამაყობთ, რომ მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტს შემოუერთდა და განათლების სექტორში მოღვაწე 300-ზე მეტ ლიდერს თავისი გამოცდილება გაუზიარა“.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კორპორაცია Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტში მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მათ COVID-19-ის პანდემიის ფონზე საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები გააცნო.
სამიტში მონაწილეობა ასევე მიიღეს ავსტრიისა და ეკვადორის განათლების მინისტრებმა, კორპორაცია Microsoft-ის, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციისა (UNESCO) და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენლებმა.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OECD) 2020 წლის ანგარიშში, რომელიც COVID-19-ის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად გამოაქვეყნა, 98 ქვეყნას შორის საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეაფასა. Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელს ანდრეას შლაიხერს, მაღალი შეფასებისათვის დიდი მადლობა გადაუხადა.