ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლაში სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. სექტემბერში სკოლა რეგიონის სხვა 19 საჯარო სკოლასთან ერთად, სრულიად განახლებულ გარემოში მიიღებს მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს. პირველი სკოლის ტერიზორიაზე ასევე მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრის მშენებლობა. ჩატარებულ სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, გურიის რწმუნებულთან, ზურაბ ნასარაიასთან ერთად გაეცნო.
სრულად რეაბილიტირდა 1000 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის ორი შენობა, შესაბამისად, დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ცალ-ცალკე შენობაში განთავსდებიან. შშმ პირთათვის ადაპტირებულ შენობაში, სასწავლო სივრცეები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, სააქტო და სპორტული დარბაზები მოეწყო.
თანამედროვე სტანდარტების სკოლაში, ოქტომბრიდან ახალი სკოლის მოდელი დაინერგება. სკოლის ტერიტორიაზე ინოვაციების ცენტრის ამოქმედება კი, გურიის ახალგაზრდობას სწავლის, თავისუფალი დროის გონივრულად გამოყენების და თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლების საშუალებას მისცემს.
ოზურგეთის პირველი სკოლა ასევე აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ პროფესიულ კოლეჯთან „ჰორიზონტი“. ახალი სასწავლო წლისთვის სკოლის მოსწავლეები განახლებულ ლაბორატორიებში შეძლებენ ისეთ პროფესიებში საკუთარი ძალების მოსინჯვას, როგორიცაა: კულინარია, სტილისტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვა.