ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში „ახალი ტალღა“ სწავლის მსურველთათვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის, ღია კარის დღე გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი დაესწრნენ.
კოლეჯში „ახალი ტალღა“ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
წელს სასწავლებელი სტუდენტობის მსურველებს 30-მდე პროგრამას სთავაზობს: მშენებლობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით ( ქობულეთისა და ხულოს სასწავლო ბაზებზე ).
აღსანიშნავია, რომ კოლეჯი წელს პირველად მიიღებს საბაზო განათლების ( 9 კლასი ) მქონე სტუდენტებს, საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და პროფესიის შესწავლასთან ერთად, სრულ ზოგად განათლებას შესთავაზებს.
ამასთან, მიუხედავად პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობისა, კოლეჯის პარტნიორი კერძო სექტორი აქტიურად აგრძელებს დუალურ პროგრამებში მონაწილეობას და სტუდენტებისთვის ერთდროულად სწავლისა და დასაქმების შეთავაზებას.
ახალ სასწავლო წელს, კოლეჯი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. მიმდინარეობს დაწესებულების შიდა და გარე სივრცეების კეთილმოწყობა, შენობის ფასადის განახლება, თანამედროვე ტიპის სასწავლო სახელოსნოებისა და ლაბორატორიების მშენებლობა.