3-25 ოქტომბერს, მოჭადრაკეთა შორის გამართულ მსოფლიოს ონლაინ სასკოლო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ეკატერინე ფიფიამ 17-წლამდე ასაკის გოგონათა შორის გამართულ შეჯიბრში 8 ქულა დააგროვა, 40 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა. 7 ქულით მე-3 ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა ნია დონღვანმა, ხოლო 5 ქულით მე-12 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა დიანა ლომაიამ.
მიხეილ ჩხენკელი: „მიხარია, რომ ის დიდი ტრადიციები, რომელიც სპორტის ამ სახეობაში გვაქვს გრძელდება და 50 წელზე მეტია შეუქცევად ხასიათს ატარებს. საქართველოს ასაკობრივი და ეროვნული ნაკრები გუნდები, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ოლიმპიადაზე, ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ და მუდმივად საპრიზო ადგილებისთვის იბრძვიან.
მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატში ეკატერინე ფიფიას ჩემპიონობა და ნია დონღვანის ბრინჯაოს მედალი ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა - ერთი, რომ პანდემიის პირობებში, შემცირებული სპორტული აქტივობების ფონზე გოგონებმა მოახერხეს ქართველი გულშემატკივრის გახარება და მეორე - მათ მედლები მოიპოვეს მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე, რაც მისაბაძი მაგალითი გახდება სხვა სკოლის მოსწავლეებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის, ვისზე ზრუნვაც ჩვენი უპირველესი ამოცანაა.“