ახალციხის პროფესიულ კოლეჯში „ოპიზარი“ პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს. კოლეჯში არსებულ სასწავლო გარემოსა და განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ბესიკ ამირანაშვილთან ერთად გაეცნო.
ამ ეტაპზე კოლეჯის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობას, რომელსაც სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. კერძოდ, საინჟინრო, სამშენებლო და სატრანსპორტო მიმართულების სტუდენტებისთვის საერთაშორისო სტანდარტის ოთხი სახელოსნო შენდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სახელოსნოები შესაძლებლობას მისცემს კოლეჯს, გააორმაგოს სტუდენტების რაოდენობა და 1000-მდე პროფესიული სტუდენტი მიიღოს.
კოლეჯ „ოპიზარში“ შესაძლებელია რეგიონის საჭიროებებზე მორგებული ისეთი პროფესიების დაუფლება, როგორებიცაა: მშენებლობა, ელექტროობა, საინჟინრო საქმე, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ბუღალტერია, საბაჟო საქმე, ვეტერინარია, მეფუტკრეობა, სატყეო საქმე, კულინარია, სამკერვალო საქმე და სხვ. გრძელვადიან პროგრამებთან ერთად კოლეჯი მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამებსაც ახორციელებს.
კოლეჯს აქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სასწავლო აუდიტორიებითა და ლაბორატორიებით. შენობა ადაპტირებულია სსსმ პირებისთვის.
ინოვაციური იდეების განხორციელებისთვის კოლეჯში შეიქმნა და წარმატებით მუშაობს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია. „ფაბლაბ ოპიზარის“ ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და აქ ყველა პროფესიის სტუდენტს შეუძლია კრეატიული იდეების რეალიზება. კოლეჯში ფუნქციონირებს საერთაშორისო ამერიკული Ciscos აკადემია და ბიბლიოთეკა, რომელიც აღჭურვილია მატერიალური და ელექტრონული წიგნადი ფონდით.