საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ახალგაზრდობის სააგენტომ ქუთაისის კოლეჯში „იბერია“ ახალგაზრდობის ახალი სივრცე გახსნა, სადაც ქუთაისელი ახალგაზრდები სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებასა და ინიცირებას შეძლებენ. აღნიშნული სივრცის შექმნა ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა, რომლის მიზანი მუნიციპალური ახალგაზრდული აქტივობების ერთ სივრცეში გაერთიანებაა.
ონლაინ ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა გახსნა, რომელსაც ახალგაზრდული სააგენტოს ხელმძღვანელი რევაზ ჩარკვიანი, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ,
თამარ ქიტიაშვილმა მადლობა გადაუხადა ახალგაზრდობის სააგენტოს და ადგილობრივ თვითმმართველობას აღნიშნული ინიციატივისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდები სივრცეს მაქსიმალურად გამოიყენებენ და მოახდენენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. მისი განცხადებით, რეგიონებში განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს ახალგაზრდული პოლიტიკის დანერგვა და მსგავსი ტიპის ინტერაქციული სივრცეების გახსნა. თამარ ქიტიაშვილის თქმით, სამინისტრო მზადაა, ხელი შეუწყოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, შეითავსონ ახალგაზრდული ცენტრების ფუნქციები და შედეგად, რეგიონებში შეიქმნას ახალგაზრდების ერთგვარი მიზიდულობის ცენტრები.
კოლეჯში „იბერია“ ახალგაზრდული სივრცის გახსნა სამინისტროსა და სააგენტოს პირველი ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მომავალში სხვა რეგიონებშიც გავრცელდება. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური ახალგაზრდული სერვისების მისაღებად „იბერია“ ადგილობრივ ახალგაზრდებს სრულიად ახალ სასწავლო შენობაში უმასპინძლებს.