1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
ოკუპაციის თემაზე მოსწავლეებმა მოაწყვეს ნახატების გამოფენა, პრეზენტაციებით გაიხსენეს მარო მაყაშვილის, გიორგი კვინიტაძის, გიორგი მაზნიაშვილისა და სხვათა თავდადების ამბები. შექმნეს ესეები, მოისმინეს ლექციები საბჭოთა ოკუპაციის შესახებ, გაიხსენეს 1921 წლის ოკუპაციიდან დღემდე პერიოდი, ისაუბრეს კოჯრის მისადგომებთან დაღუპულ იუნკრებზე, მოსწავლეებმა შექმნეს 19 წლის მოწყალების დის – მარო მაყაშვილის დღიურის ანალოგი.
მოსწავლეებმა მოიძიეს ფოტო და აუდიომასალა ოკუპაციასთან დაკავშირებით, სკოლის სივრცეეში მოეწყო გამოფენა მოსწავლეთა მიერ შექმნილი გაზეთებით, ილუსტრაციებით, წერილებით, მონიტორებზე უწყვეტად გადიოდა 1921 წლის 25 თებერვალთან დაკავშირებული დოკუმენტური კინოკადრები.
კვირეულის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მიზანია მოსწავლეებმა გაითავისონ ისტორიული რეალობა, რაც საქართველოს ოკუპაციას უკავშირდება. აღნიშნული კვირეული სკოლებში ყოველწლიურად იმართება.