სპეციალური პედაგოგი ნინო ხიმშიაშვილი 2021 წლიდან თბილისის №55 საჯარო სკოლის უფროსი სპეციალური მასწავლებელია. წარმატების შესაძლებლობა მას შესაბამისი სამაგისტრო განათლებით მიეცა, რაც მის ანაზღაურებაზეც აისახება.
საკუთარ წინსვლას ნინო საკუთარ დამსახურებად არ თვლის. მიაჩნია, რომ სპეციალური მასწავლებლის წარმატება სკოლისა და ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, რომლებიც მოსწავლის განვითარებაზე ერთობლივად ზრუნავენ.
„55-ე საჯარო სკოლაში, სადაც ვმუშაობ, ჯანსაღი გარემო და არაჩვეულებრივი ატმოსფეროა. სწორედ მაღალი კვალიფიკაციის კადრები და გამოცდილი ძლიერი გუნდი განაპირობებს ჩემს აქტიურ ჩართულობას, იქნება სასწავლო პროცესი თუ სხვა გამოწვევები. სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები და პედაგოგები ერთობლივად განვიხილავთ ყველა დეტალს და ამა თუ იმ საკითხზე საერთო ძალებით ვმუშაობთ“, – აცხადებს პედაგოგი.
როგორც ნინო ხიმშიაშვილი იხსენებს, ინკლუზიური განათლებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაინტერესდა, როდესაც დაწყებითი განათლების პროგრამაზე სწავლისას საგანი „ინკლუზიური განათლება“ გაიარა. „რატომ არ ვიყავი ინფორმირებული მანამდე? რა გამოწვევები იყო ინკლუზიურ განათლებაში? ამ პერიოდში გამიჩნდა სურვილი, მიმეღო მეტი ინფორმაცია და ჩემი წვლილი შემეტანა ამ სფეროს რეალიზებაში“, – ამბობს ნინო და პანდემიის პირობებში ონლაინსწავლების გამოწვევებზეც საუბრობს, რომელიც ყველასთვის, მაგრამ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულად რთული იყო. „ბავშვების უმეტესობას არ შეეძლო ტექნოლოგიებით კომუნიკაცია და სასწავლო პროცესში ჩართვა. შესაბამისად, მშობელთან ერთად ინდივიდუალურად ვმუშაობდი. მთავარია, ყველა სახის სირთულე გადავლახე მათთან თანამშრომლობითა და ჯანსაღი კომუნიკაციით“, – ამბობს პედაგოგი და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ პროფესიონალიზმი, რომელიც პედაგოგს შესაძლებლობას აძლევს, ბავშვის შედეგზე იყოს ორიენტირებული – ეს ერთ-ერთი კომპონენტია. სირთულეების გამკლავებაში სკოლის როლი განსაკუთრებულია.
ნინო ხიმშიაშვილი კოლეგებს ურჩევს: „იყავით გულწრფელები საკუთარ საქმიანობაში, დაისახეთ მიზნად, რომ ყველა მოსწავლესთან მიაღწევთ მაქსიმუმს და მთავარი, დაიცავით საკუთარი და მოსწავლის უფლებები“.