USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ფარგლებში ახალციხის, გორის, კაჭრეთისა და ზუგდიდის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ტურ-გიდების პროგრამის განხორციელებისთვის შესაბამისი ინვენტარი გადაეცა. ღონისძიება საგამოფენო სივრცე ექსპოჯორჯიაში გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ, USAID საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროექტის „ზრდა საქართველოში“ წარმომადგენლებმა მიიღეს.
ეკატერინე დგებუაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოში განათლების სფეროს ხელშეწყობის კუთხით აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, USAID საქართველოს მიერ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა, რომელიც ადამიანური კაპიტალის განვითარებას ემსახურებოდა.
ღონისძიების ფარგლებში პროექტის „ზრდა საქართველოში“ წარმომადგენელსა და მარნეულისა და კასპის კოლეჯებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. თანამშრომლობა, ზემოთ აღნიშნული ოთხი კოლეჯის მსგავსად, რეგიონული ტურ-გიდების პროგრამის შემუშავებას, მათთვის შესაბამისი ინვენტარის გადაცემასა და აქტივობის სრულყოფილად განხორციელებაში დახმარების გაწევას გულისხმობს.
გარდა ამისა, პროექტის „ზრდა საქართველოში“ ფარგლებში მარნეულის პროფესიულ კოლეჯში იგეგმება სადემონსტრაციო სათბურის მოწყობა, რომელიც სოფლის მეურნეობის პროგრამის სტუდენტებს პრაქტიკული უნარების გამომუშავების შესაძლებლობას მისცემს.
USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი „ზრდა საქართველოში“ ხუთწლიანია და ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და მომსახურების სფეროს მიმართულებით მრავალფეროვანი ინიციატივების განხორციელებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.