ათასწლეულის ფონდმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან ერთად, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით – „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“ დაიწყო.
კამპანიის პირველი ღონისძიება – „ღია კარის დღე“ – სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში გაიმართა, სადაც შეხვედრის მონაწილეები კოლეჯის დაარსების ისტორიას, პროგრამების განვითარების კუთხით არსებულ მიღწევებსა და სამომავლო გეგმებს გაეცნენ. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო სივრცეებიც დაათვალიერეს.
ღია კარის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა მიიღო. მან სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა კამპანიის ორგანიზატორებს და პროფესიულ განათლებაში სტუდენტების მოზიდვის კუთხით საზოგადოების, კერძოდ, ახალგაზრდების ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
თამარ ქიტიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში სატრანსპორტო სექტორების გამართული და ეფექტიანი მუშაობა დიდწილად არის დამოკიდებული აღნიშნულ სფეროში კვალიფიკაციური კადრების არსებობაზე. სწორედ ამ მიმართულებით ადამიანური კაპიტალის განვითარებას ემსახურება სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი, რომელიც ახალგაზრდებს სტუდენტებზე მორგებულ საგანმანათლებლო გარემოსა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პროგრამებს სთავაზობს.
მინისტრის მოადგილემ ახალგაზრდებში სექტორული კოლეჯების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიმართულებით საინფორმაციო კამპანიების ჩატარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ინფორმაციის გავრცელების ყველაზე თვალსაჩინო წყაროს კოლეჯების კურსდამთავრებულები წარმოადგენენ, რომლებიც საზოგადოებაში უკვე პოზიციონირდებიან, როგორც დასაქმებული კვალიფიციური სპეციალისტები.
„ღია კარის დღეს“ ასევე ესწრებოდნენ ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის გენერალური დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი და საქართველოს რკინიგზისა და კოლეჯის წარმომადგენლებიც.
„ღია კარის დღეები“, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის გარდა, სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დისტანციურ ფორმატში შემდეგი თანმიმდევრობით გაიმართება:
● 26 ივლისი – სსიპ კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“
● 29 ივლისი – სსიპ კოლეჯი „ფაზისი“ (ფოთი)
● 30 ივლისის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
მნიშვნელოვანია, რომ „ღია კარის დღეებზე“ დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია თავად პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებისგან მიიღოს ინფორმაცია ახალი პროგრამებისა და განახლებული სასწავლო გარემოს შესახებ. კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით, კოლეჯის დასათვალიერებლად სასურველია ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა.
შეგახსენებთ, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 20 აგვისტომდე გაგრძელდება. 2021 წლისთვის კოლეჯი აცხადებს მიღებას შემდეგ სარკინიგზო მიმართულებებზე:
- მეჩარხე;
- სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა.
ამასთან, კოლეჯი აცხადებს მიღებას დუალურ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სადაც კოლეჯში სწავლების პარალურად სტუდენტები პრაქტიკული სწავლების მთლიან ციკლს გაივლიან საქართველოს რკინიგზაში და მიიღებენ პრაქტიკულ სამუშაო გამოცდილებას:
- ლოკომოტივის მართვა;
- რკინიგზის ელექტრო მოძრავი შემადგენლობა;
- რკინიგზის ელექტრო-მომარაგების მეურნეობა;
- რკინიგზის ლიანდაგის მონიტორინგი;
- რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა;
- რკინიგზის ტრანსპორტზე სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და ბლოკირება;
- სავაგონო მეურნეობა;
- სარკინიგზო გადაზიდვები.
აპლიკანტებს ასევე შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია ინტეგრირებულ პროგრამებზე, საქართველოს რკინიგზაში დუალური სწავლებისა და პროფესიების დაუფლების პარალელურად, მიიღონ სრული ზოგადი განათლება და ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი:
- რკინიგზის ელექტრო-მომარაგების მეურნეობა;
- სარკინიგზო გადაზიდვები;
- სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა.
შეგახსენებთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 12 ივლისს დაიწყო და 20 აგვისტომდე გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.vet.emis.ge.