საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი კოლეჯ „მერმისს“ ეწვია, რეგისტრაციის პროცესს გაეცნო და დაინტერესდა, როგორ ემზადება კოლეჯი პროფესიულ სტუდენტთა შერჩევის პროცესისა და ახლი სასწავლო წლის დაწყებისთვის.
თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, 23 აგვისტოდან პროფესიულ სტუდენტთა შერჩევის პროცესი დაიწყება, რომელსაც შეძლებისდაგვარად დისტანციურ ფორმატში, თავად პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები წარმართავენ. ჩარიცხვის ახალი წესისა და სტუდენტთა შერჩევის ახალი კონცეფციის შესაბამისად, კოლეჯები პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით, სტუდენტთა შერჩევის ისეთ მრავალფეროვან მეთოდებს გამოიყენებენ, როგორებიცაა: მოტივაციური გასაუბრება, შემოქმედებითი და სპეციალური ტურები, პრაქტიკული სამუშაო შემთხვევების ანალიზი და ა.შ. რაც შეეხება ეროვნულ ტესტირებას, რომელიც მხოლოდ მეხუთე საფეხურის პროფესიულ პროგრამებს ეხება, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სექტემბრის დასაწყისში უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ჩაატარებს.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაცული იქნება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და შექმნილი იქნება უსაფრთხო გარემო პრაქტიკული და თეორიული სწავლებისთვის.
კოლეჯი „მერმისი“ ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. კოლეჯში სსსმ და შშმ პირებისათვის შექმნილია ხელმისაწვდომი სასწავლო გარემო, რომელიც მოწყობილია უნივერსალური დიზაინის პრინციპით. სტუდენტთა ინოვაციური იდეების, პროექტების რეალიზებისთვის ფუნქციონირებს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FABLAB.
კოლეჯში ნებისმიერი ასაკის სწავლის მსურველს სახელმწიფოს სრული დაფინანსებით შეუძლია დაეუფლოს თანამედროვე შრომის ბაზარზე მოთხოვნად მრავალფეროვან პროფესიულ პროგრამებს:
- კულინარია;
- კონდიტერია;
- სარესტორნო მომსახურება;
- სასტუმრო მომსახურება;
- თმის მომსახურება;
- სამკერვალო წარმოება;
- ხის მხატვრული დამუშავება;
- მომინანქრება;
- მხატვრული ქსოვა;
- ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა;
- ელექტრობა;
- იატაკისა და ფილის სამუშაოები;
- ძრავას შეკეთება;
- სავალი ნაწილის შეკეთება;
- ბუღალტრული აღრიცხვა;
- საოფისე საქმე.
ამასთან, პროფესიული განათლების მიღების მსურველებს ასევე შეუძლიათ აირჩიონ ვებტექნოლოგიებისა და სარესტორნო მომსახურების ინტეგრირებული პროგრამები, პროფესიის დაუფლების პარალელურად მიიღოთ სრული ზოგადი განათლება და ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი.
შეგახსენებთ, რომ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დღეს, 20 აგვისტოს, დასრულდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://vet.emis.ge/#/