აღნიშნული პროექტი პირველად თავად განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა დღეს 52-ე სკოლაში წარადგინა, სადაც ის 11 წლის განმავლობაში სწავლობდა. მისი მხარდაჭერით 52-ე სკოლაში გარემონტდა და სათანადო ინვენტარით აღიჭურვა ერთ-ერთი საკლასო ოთახი. დიმიტრი შაშკინის თქმით, აღნიშნული პროექტი სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს საშუალებას მისცემს საკუთარი წვლილი შეიტანონ სკოლის კეთილდღეობასა და წარმატებაში: ”ყველა სკოლას ჰყავს წარმატებული კურსადამთავრებული და თუ მათ აქვთ სურვილი დაეხმარონ მშობლიურ სკოლას, ეს პროგრამა მათ ამის შესაძლებლობას მისცემს. თუმცა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს ნებაყოფლობითია, დამოკიდებულია ადამიანის სურვილზე და შესაძლებლობებზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 11 წელი ვმუშაობდი ამერიკულ კორპორაციაში და ძირითადად ვმუშაობდი საზღვარგარეთ. მე დღეს მაქვს შესაძლებლობა ჩემს სკოლას დავეხმარო, რომელთანაც ძალიან ბევრი თბილი მოგონება მაკავშირებს და ამ სახით მინდა გამოვთქვა მადლობა იმ სკოლის მიმართ, რომელშიც თერთმეტი წელი გავატარე” - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.