საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 200 მანდატურს, რომელთაც წარმატებით გაიარეს გადამზადება, სერტიფიკატები გადასცა.
მანდატურთა ეს ნაკადი საქმიანობას თბილისისა და გორის საჯარო სკოლებში შეუდგნენ. სკოლის მანდატურები საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილ, საგანგებოდ მათთვის გამოყოფილ ოთახებში განაწილდნენ.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, 2010 წელს საჯარო სკოლებში სკოლის მანდატურის ინსტიტუტის იმპლემენტაცია წარმატებით განხორციელდა. სკოლის მანდატურები აქტიურად ჩაერთვნენ სასკოლო ცხოვრებაში, დაუმეგობრდნენ მოსწავლეებს, ისინი მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაშიც ეხმარებიან. მანდატურების დროული ჩარევით მოსწავლეებს შორის დაპირისპირების არაერთი ფაქტი აღიკვეთა, რითაც ბევრი სერიოზული დანაშაული იქნა თავიდან აცილებული. უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ახალი ინიციატივის მიზანი სწორედ, სწავლის პერიოდში მოსწავლეთა უსაფრთხოების სრული გარანტიის უზრუნველყოფაა.
სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, გორისა და რუსთავის საჯარო სკოლებში შეუდგნენ მოვალეობის შესრულებას. დაგეგმილია მანდატურთა შესვლა პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებსა და კერძო სკოლებშიც.
მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.