09.02.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა კავკასიის უნივერსიტეტის ახალი შენობა დაათვალიერა, რომელიც ამჟამად დასრულების პროცესშია და ფუნქციონირებას ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებს.
კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კორპუსი ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება როგორც საქართველოში, ასევე მთელს ამიერკავკასიაში, რაც უცხოელი სტუდენტების მოზიდვასა და ზოგადად საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.
შენობა, სადაც თანამედროვე უმაღლესი სასწავლო დაწესებულება განთავსდება 1909 წელს აშენდა და აქ წლების მანძილზე მთელი კავკასიის მასშტაბით სახელმოხვეჭილი სასწავლო დაწესებულება - სასულიერო სემინარია ფუნქციონირებდა.
კავკასიის უნივერსიტეტი 2004 წელს, კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაზაზე დაარსდა. კავკასიის ბიზნესის სკოლა 1998 წელს ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით დაფუძნდა. დღეისათვის კავკასიის უნივერსიტეტს 7 სკოლა აქვს: კავკასიის ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ტურიზმის.