საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა განახლებული ჟურნალ ”მასწავლებლის” პრეზენტაცია გამართეს. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ის წარმომადგენლები.
ჟურნალი ”მასწავლებლი” საქართველოში ერთადერთი საგანმანათლებლო ჟურნალია, რომლის ტირაჟი 10 000 ეგზემპლარია. ჟურნალი საქართველოს ყველა საჯარო სკოლას უსასყიდლოდ მიეწოდება და ყველა მასწავლებლისთვის ხელმისაწვდომია. დღეისათვის, ”მასწავლებელს” 7 000-ზე მეტი ხელმომწერი ყავს.
მასწავლებელთა პროფესიული ჟურნალის პირველი ნომერი განახლებული დიზაინითა და ექსკლუზიური, სპეციალურად ”მასწავლებლისთვის” შექმნილი შრიფტით, თებერვალში გამოვიდა. ჟურნალი უფრო თანამედროვე, კომპაქტური და ტევადი გახდა, დაემატა ახალი რუბრიკები. ამიერიდან, ჟურნალის ყველა ნომერში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თავისი გვერდი ექნება, რომელშიც ის პედაგოგებს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრება.
სამინისტროს მიერ ინიცირებული სიახლეების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედაგოგთა სწორი ინფორმირება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სერტიფიცირება, პროფესიული განვითარება და სწავლების თანამედროვე მეთოდები. ამ კუთხით ჟურნალ ”მასწავლებელს” მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება.
კვლევამ აჩვენა, რომ პედაგოგთა 85%-სთვის ჟურნალი საჭირო და მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსია. მასში განთავსებულია ექსპერტთა მოსაზრება პრობლემებსა თუ ინოვაციებზე, იბეჭდება ინტერვიუები ცნობილ ადამაინებთან, პედაგოგები წერენ თავისი გამოცდილების შესახებ. ჟურნალს თან ახლავს ”პრაქტიკული დანართი”, რომელიც წარმოადგენს სამოდელო გაკვეთილების აღწერასა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს, და რაც მთავარია, ჟურნალის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, პროფესიაში ახალგაზრდა, მოტივირებული კადრების მოზიდვა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.