საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და იმერეთის რეგიონის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტის ტყიბულის სამთო ტექნოლოგიური ინსტიტუტი მოინახულეს, რომელიც ფუნქციონირებას 2011 წლის პირველი მარტიდან შეუდგა.
პროფესიულ პროგრამებით პირველ ეტაპზე 120 სტუდენტი სწავლობს შემდეგ სპეციალობებზე: გვირაბგამყვანი, წმენდითი სამუშაოების სპეცილისტი, სამთო ელექტრომექანიკოსი, შახტის ელმავლის მემანქანე, ამფეთქებელი, სამთო მანქანების ექსპლუატატორი და რემონტის სპეციალისტი, სასწავლებელი ასევე ამზადებს მშენებლებს, კალატოზებს, ელექტრორკალურ შემდუღებლებს. სასწავლო პროგრამების შედგენისას გათვალისწინებული იქნა მეშახტეების, მაღაროელებისა და სამთო მიმართულების სპეციალისტთა პრაქტიკული გამოცდილებები და მოსაზრებები.
სასწავლებელში ადგილობრივი მოსახლეობიდან კვალიფიციური მეშახტეები, მაღაროელები და ზოგადად სამთო-საინჟინრო მიმართულების კადრები მომზადდება, წლის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება 600-მდე მსურველის გადამზადება.
იმერეთის რეგიონში სამთო მიმართლების სასწავლებლის გახსნა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა იყო და სწორედ, პრეზიდენტის დავალებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ იმერეთის მხარის გუბერნიის მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ფაკულტეტის ბაზაზე რეგიონული პროფესიული ცენტრი დაარსა.
სასწავლებელთან მჭიდროდ თანამშრომლობს ტყიბულის მაღაროს ხელმძღვანელობა, მათ სასწავლებელს ტექნიკური აღჭურვილობა გადასცეს, სტუდენტებს ანაზღაურებადი საწარმოო პრაქტიკის შახტაში გავლას სთავაზობენ, წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კი, დასაქმების პერსპექტივა გააჩნიათ.