საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფრეთელაძე, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლეილა მესხი და საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენელი გორან შევჩენკო თბილისის №1 ექსპერიმენტალურ სკოლაში სასკოლო ჩოგბურთის პროგრამის პრეზენტაციას დაესწრნენ. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ სპორტის მასწავლებლები თბილისის საჯარო სკოლებიდან.
პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, თბილისის მასშტაბით 10 საჯარო სკოლა შეირჩა, სადაც საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ჩოგბურთის სწავლებას განახორციელებს, სპორტის მასწავლებლებს გადაამზადებს და სკოლებს შორის საჩოგბურთო შეჯიბრებებს უზრუნველყოფს. ფედერაციამ შერჩეულ სკოლებს შესაბამისი სპორტული ინვენტარი ღონისძიების ფარგლებში გადასცა.
№1 ექსპერიმენტალურ სკოლაში შეკრებილ სპორტის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა სასკოლო ჩოგბურთის პროგრამა გააცნეს და რამდენიმე საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარეს. ჩოგბურთის სპეციალისტები შერჩეული სკოლების სპორტის მასწავლებლებს მომავალშიც გაუწევენ კონსულტაციებს.
ჩოგბურთის ფედერაციასთან ერთობლივი პროექტი მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის უზრუნველყოფას, საქართველოს საჯარო სკოლებში ჩოგბურთის სწავლების წახალისებასა და დანერგვას ითვალისწინებს. სკოლებში ჩოგბურთის სწავლება მოსწავლეთა სპორტული მომზადების დონეს გააუმჯობესებს და ქართული ჩოგბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
2010-2011 სასწავლო წლიდან ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილების საფუძველზე, ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლება მოხდა, რამაც პროცესი მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო და აზარტული გახადა.