კერძო სკოლების ავტორიზაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქართულ-ამერიკულ კერძო სკოლას ”ვაზიანი+” ეწვია და პირადად გაეცნო სასკოლო გარემოს, მის ინფრასტრუქტურას. დიმიტრი შაშკინი სასწავლო პროცესის მიმდინარეობითაც დაინტერესდა და მასწავლებლებსა და მეთორმეტეკლასელებს შეხვდა.
ყველა საჯარო და კერძო სკოლა ვალდებულია გაიაროს ავტორიზაცია ვინაიდან, საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება მომავალში მხოლოდ ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ექნებათ. ავტორიზაცია არის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის ფარგლებშიც მოწმდება დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების, მატერიალური და ადამიანური რესურსების შესაბამისობა სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან.
ქართულ-ამერიკული სკოლა 2003 წელს დაარსდა და არის ამერიკის მათემატიკოსთა კავშირის Mu Alpha Theta-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. სკოლაში გაძლიერებული პროგრამით ისწავლება მათემატიკა, ქართული და ინგლისური ენები. სკოლას აქვს თვალსაჩინოებებით აღჭურვილი კაბინეტ–ლაბორატორიები, მდიდარი ბიბლიოთეკა, თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა, სკოლაში ფუნქციონირებს საგნობრივი, შემოქმედებითი და სპორტული წრეები.
მოსწავლეები ყოველწლიურად წარმატებით მონაწილეობენ სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სასკოლო ოლიმპიადებსა და კონკურსებში, 2009-2010 წლის ეროვნული ოლიმპიადის ფინალისტი 18 მოსწავლე გახდა. 2010-2011 წლის ეროვნული ოლიმპიადის მე-3 ტურში 20 მოსწავლე გადავიდა. ნია ხაჭაპურიძე ბიოლოგიაში პირველი ადგილის მფლობელი გახდა და იგი საქართველოს ნაკრებს პირველი ნომრით წარადგენს ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ტაივანში.
ქართულ-ამერიკული სკოლის კურსდამთავრებულები ერთიან ეროვნულ გამოცდებს წარმატებით აბარებენ. ყველა მოსწავლე სტუდენტი და მათი უმეტესობა სახელმწიფო გრანტის მფლობელი ხდება. 2010-2011 სასწავლო წელს სკოლას 50 აბიტურიენტი ჰყავს, ღონისძიების ფარგლებში მინისტრი სწორედ მათ შეხვდა, CAT-ის საატესტატო გამოცდებზე ესაუბრა და შეკითხვებსაც უპასუხა.