საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ, შავი ზღვის უნივერსიტეტის პრორექტორმა გიული ალასანიამ და მოწვეულმა სტუმრებმა სასტუმრო ”რედისონში” ”ჩაღლარის” საგანმანათლებლო სასწავლებლების ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა საერთაშორისო ოლიმპიადა გახსნეს.
ოლიმპიადაში მონაწილე 30 ქვეყნის 154 კონკურსანტიდან გამარჯვებულები 15 მაისს გამოვლინდებიან და მათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დააჯილდოვებს.
”ჩაღლარის” საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც 2150 მოსწავლე და სტუდენტი სწავლობს, მათთვის ნორჩ გამომგონებელთა საერთაშორისო გამოფენა ყოველ წელს ეწყობა და მოსწავლეთა მეცნიერებით დაინტერესებას ისახავს მიზნად.
ოლიმპიადას დიდი წვლილი შეაქვს კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგში, რადგან მასში მონაწილე უცხოელი მოსწავლეები ქართულ ოჯახებში ცხოვრობენ და ქართულ ენასა და კულტურას ეცნობიან. სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მოსწავლეები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებასაც უზიარებენ.
ოლიმპიადა, რომელიც მეხუთე წელია ეწყობა, წელს ყველაზე გრანდიოზულია. წინა წლებთან შედარებით, წელს მასში კიდევ უფრო მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.