14.05.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ კონკურსის „ფიზიკა ყველგან და ყოველთვის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის განკუთვნილი კონკურსი სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და მისი ორგანიზატორი თბილისის №63-ე საჯარო სკოლა იყო.
კონკურსი „ფიზიკა ყველგან და ყოველთვის“ ოთხი მიმართულებით ჩატარდა (ფიზიკა ჩვენს ირგვლივ; ფიზიკა ჩემს მომავალ პროფესიაში; ფიზიკა ხელოვნებაში; ფიზიკა - ეკოლოგია) და მიზნად ისახავდა მეცნიერებათა მიღწევების გაცნობას და მათ დაკავშირებას ყოველდღიურობასთან, მომავალ პროფესიასთან, იმ გამოცდილების შეძენასთან, რომელიც მოსწავლეებს ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად გამოადგებათ. ასევე, მოსწავლეებში კვლევის, სამყაროსა და გარემოს შესწავლის, მისი დაცვის ჩვევების გამომუშავებას.
კონკურსში საქართველოს 237 სკოლიდან 400-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. წარმოდგენილი იყო 310 საკონკურსო თემა. ჟიურის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც ცნობილი მეცნიერები და №63 საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგები შედიოდნენ, 12 საუკეთესო ნაშრომი შეირჩა.
გამარჯვებული პროექტის ავტორს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადაეცა. დასკვნითი ტურის ყველა მონაწილე კი, დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.