20.05.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ ”ევროპულ სკოლაში” თბილისის კერძო სკოლების დირექტორებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს მათთვის ახალი 2011-2016 წლების სასწავლო გეგმის სიახლეების გაცნობა წარმოადგენდა.
კერძო სკოლების დირექტორებს ნათია ჯოხაძე ეროვნული სასწავლო გეგმის შექმნის პროცესზეც ესაუბრა - 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავებაზე, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტებთან ერთად, მოწვეული ექსპერტები - აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოქმედი პედაგოგებიც მუშაობდნენ.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ეტაპობრივად დაინერგება. 2011-2012 სასწავლო წელს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაწყებით საფეხურზე (I-VI კლ.) ამოქმედდება, ხოლო 2012-2013 სასწავლო წელს კი საბაზო და საშუალო საფეხურებზე (VII-XII კლ.).
შეხვედრაზე დირექტორები ყველა იმ სიახლეს გაეცნენ, რაც ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში აისახა: შეიცვალა ეროვნული სასწავლო გეგმის სტრუქტურა; ცვლილებები შევიდა საგნობრივ პროგრამებში, ყოველ საგანში გათვალისწინებულია შინაარსის სულ მცირე 60%-დან 80%-მდე სავალდებულო ნაწილი; შემოვიდა ახალი საგნები, კერძოდ, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, ქართული ცეკვა. გარდა ამისა, გაძლიერდა ინგლისური ენის სწავლება - მოსწავლეები ინგლისური ენის შესწავლას პირველივე კლასიდან დაიწყებენ; სპორტმა ჩაანაცვლა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები; დაიწყო ახალი არჩევითი საგნის "მსოფლიო კულტურის" პილოტირება და, ზოგადად, გაიზარდა არჩევითი საგნების ჩამონათვალი. ასევე, გაძლიერდა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება და სხვ.
დირექტორის მოადგილემ თეა პაიჭაძემ შეხვედრის მონაწილეებს ახალი არჩევითი საგნების ნუსხა გააცნო და ისაუბრა იმ სიახლეებზე, რაც ამ მიმართულებით დაინერგება 2012-2013 სასწავლო წლიდან.
"ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით არჩევით საგნებს ვთავაზობთ საშუალო საფეხურის სამივე - X, XI და XII კლასელ მოსწავლეებს. წინა წლებთან შედარებით ძალიან გაფართოვდა არჩევითი საგნების ნუსხა - ამჟამად წარმოდგენილია 40-მდე საგანი, ხოლო მოსწავლეთა დაინტერესების შემთხვევაში, ის შეიძლება კიდევ გაიზარდოს," - განაცხადა თეა პაიჭაძემ.
შეხვედრის ბოლოს დირექტორების შეკითხვებს ნათია ჯოხაძემ და თეა პაიჭაძემ უპასუხეს.
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ეროვნული სასწავლო გეგმის შექმნა და მისი დანერგვაა. ეროვნული სასწავლო გეგმა მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომლის მიზანი დამოუკიდებელი, მოაზროვნე ადამიანის აღზრდაა.