სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში ახალი საჯარო სკოლა შენდება, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დაათვალიერა. მინისტრმა მიმდინარე სამშენებლო პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია სკოლის წარმომადგენლებისა და მშენებლებისაგან მიიღო.
ნოქალაქევში ახალი სკოლის მშენებლობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ძველი, თითქმის ერთი საუკუნის შენობა ექსპლუატაციისათვის უვარგისი გახდა. სკოლის მშენებლობა, რომელსაც სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს, ინტენსიურად მიმდინარეობს. სკოლა ახალი სასწავლო წლისათვის ამოქმედდება.
300 მოსწავლეზე გათვალისწინებულ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში კეთილმოწყობილი და კომფორტული საკლასო ოთახები, კომპიუტერული კლასები, სასწავლო ლაბორატორია, სპორტული დარბაზი და ბიბლიოთეკა იქნება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სკოლა მდებარეობს ძველი ციხე-ქალაქის ”არქეოპოლისის” ტერიტორიაზე, პროექტში ამ ადგილების ისტორიული მნიშვნელობა გათვალისწინებულია - ახალი სკოლის შენობა ერწყმის და სრულად ჯდება ადგილობრივ ლანდშაპტში.
სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების სკოლების მშენებლობა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ”მოსწავლეს, სადაც არ უნდა სწავლობდეს ის, უნდა ჰქონდეს საშუალება სრულფასოვანი განათლება თანამედროვე და კეთილმოწყობილ სკოლაში მიიღოს. ამ მიმართულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს,,- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.