10.06.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე და საქართველოში გაეროს ელჩის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თბილისის კლასიკურ გიმნაზიას ეწვივნენ, სადაც „მწვანე სკოლების“ კონკურსის პრეზენტაცია გაიმართა და სკოლას საჩუქრად „მწვანე ყუთი“ გადაეცა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება პროექტი - „შეაგროვე მაკულატურა, გადაარჩინე ტყე!", რომელმაც მოსახლეობაში დიდი ინტერესი გამოიწვია. მიმდინარე წელს გარემოს დაცვის სამინისტროს მთავარი დევიზია- „ბუნება თქვენს სამსახურში“.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, გამოაცხადა კონკურსი - „მწვანე სკოლები”.
კონკურსი მიზნად ისახავს, საჯარო სკოლებში მაკულატურის შეგროვების მიზნით "მწვანე ყუთების" განთავსებას, ასევე სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით, 1 წლის შემდეგ, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს ყველზე „მწვანე“ სკოლის გამოვლენას.
მაკულატურის შეგროვების შემდეგ ქაღალდის გადამუშავება და მეორადი გამოყენება მოხდება. „მწვანე ყუთის" მიზანია, მოსახლეობაში მაკულატურის შეგროვება-გადამუშავების კულტურის დამკვიდრება და ქაღალდის პარკების გამოყენების პოპულარიზაცია.