14.06.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ფორუმისა და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ შეზღუდული შესაძლებლობის თემაზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ფორუმს პატრონაჟს უწევდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფონდი.
აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს წარმოაჩინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სფეროში მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის მიერ წლის განმავლობაში გაწეული სამუაშაოები, ასევე ფორუმზე ხდება სტრატეგიული საკითხების განხილვა. ფორუმის შემაჯამებელ ეტაპს წარმოადგენს წლის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის სფეროში გამორჩეული ადამიანების, საუკეთესო სტატიებისა და ფილმების დაჯილდოვება.
2011 წელს, წლის ინტერესთა დამცველის კატეგორიაში ჟიურიმ ნომინანტად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაასახელა. ინკლუზიური განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, მულტიდისციპლინარული გუნდის სეგმენტის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის მინისტრს საპატიო ჟიურიმ სპეციალური სიგელი გადასცა.