საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ეროვნული პროფესიული საბჭოს გაფართოებული სხდომის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება სოციალური პარტნიორობის თემაზე გაიმართა და მისი ორგანიზატორები იყვნენ: სამინისტრო, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ. სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ - დარგობრივი სამინისტროების, პროფესიული კოლეჯებისა და კავშირების, ბიზნეს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სხდომაზე განიხილეს პროფესიულ განათლებაში სოციალური პარტნიორობის პოლიტიკის დოკუმენტი და ისაუბრეს სოციალური პარტნიორობის მნიშვნელობაზე. დოკუმენტი დაინტერესებული მხარეების მიერ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან მჭიდრო კოორდინაციის საფუძველზე შემუშავდა.
საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ყველა დაინტერესებულ სუბიექტთან სოციალურ პარტნიორობაზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარებაა, რაც ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას განაპირობებს, რომელშიც პროფესიული ასოციაციები, დამსაქმებლები, კერძო და სახელმწიფო პროვაიდერები, პროფესიული კავშირები და სახელმწიფო პროფესიული განათლების განვითარებაზე ერთობლივ პასუხისმგებლობას იღებენ.
ასეთი სისტემის არსებობის პირობებში, ყველა დაინტერესებული მხარე სრულფასოვან მონაწილეობას მიიღებს როგორც სასწავლო, ასევე მმართველობით და პოლიტიკის განმსაზღვრელ პროცესებში, რაც საბოლოო ჯამში, უნდა გახდეს ეკონომიკის მოთხოვნებზე ორიენტირებული, მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების შექმნის მნიშვნელოვანი ბერკეტი.