17.10.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლობის მსურველთათვის პროგრამა ,,მაძიებლის’’ ფარგლებში კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის პირობებსა და რეგისტრაციის ვადებზე მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს.
მაძიებლების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერ პირს, რომელსაც პედაგოგიური საქმიანობა სურს. პირველი ეტაპი, კონკურსანტების რეგისტრაცია 17 ოქტომბერს დაიწყება და 28 ოქტომბერს 17:00 საათზე დასრულდება.
მაძიებლობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს თბილისის, გორის, თელავის, ახალციხის, ქუთაისის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ფოთის, ბათუმისა და რუსთავის რესურს-ცენტრებში.
კონკურსის მეორე ეტაპზე მსურველები გაივლიან გასაუბრებას, რომელიც სკოლებში ჩატარდება. მაძიებლები საჯარო და კერძო სკოლებში ერთწლიან სტაჟირებას გაივლიან, რის შემდეგაც მათ სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება მიენიჭებათ.
მაძიებლების კონკურსი უკვე მეორედ ცხადდება. წელს პროგრამა თბილისის, გორის, თელავის, ახალციხის, ქუთაისის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ფოთის, ბათუმისა და რუსთავის საჯარო და კერძო სკოლებში განხორციელდება. შერჩეული კანდიდატები მენტორ-მასწავლებლებთან ერთად იმუშავებენ და პედაგოგიური საქმიანობის სპეციფიკას გაეცნობიან. მენტორ-მასწავლებლების სახელფასო დანამატი 180 ლარია.