საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი
ტატიშვილმა შიდა ქართლის რეგიონის
საჯარო სკოლების 80-მდე მეათეკლასელს
პერსონალური კომპიუტერები - “Lenovo” გადასცეს. კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
მოსწავლეები, რომლებმაც 2010-2011 სასწავლო წელს საბაზო საფეხური წარჩინებით
დაამთავრეს. ღონისძიება გორის №3 საჯარო
სკოლაში გაიმართა.
მოსწავლეთა წახალისების პროექტი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის - ”ჩემი
პირველი კომპიუტერი” ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე
დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებას.
პროექტი თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდით, ყველა ნიჭიერ
და შრომისმოყვარე მოზარდს სწავლის თანაბარ პირობებს უქმნის.
2011 წელს პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2010-2011 სასწავლო წელს საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარჩინებულ მოსწავლეებს მომავალშიც წაახალისებს.
საქართველოს მასშტაბით წელს კომპიუტერებით სულ 1108 წარმატებული მოსწავლე ჯილდოვდება.