საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მასწავლებლის სახლში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წამყვანი ტელეარხების ჟურნალისტთა დელეგაციას უმასპინძლა და მათ განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჟურნალისტთა დელეგაცია საქართველოში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, მირზა (პაპუნა) დავითაიას მოწვევით იმყოფებიან.
უცხოელმა ჟურნალისტებმა მასწავლებლის სახლში არსებული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი და ტრენინგოთახები დაათვალიერეს. ჟურნალისტებისათვის ძალზე საინტერესო აღმოჩნდა მრავალფუნქციური, თანამედროვედ აღჭურვილი დაწესებულების გაცნობა, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და პედაგოგებისთვის თითქმის ყველა სახის მომსახურეობის გაწევა შეუძლია. აქ მიმდინარეობს სემინარები, კონფერენციები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. სკოლის პედაგოგები და დირექტორები მასწავლებლის სახლში ფინანსურ და იურიდიულ კონსულტაციებსაც იღებენ.
სამხრეთაფრიკელი ჟურნალისტები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საქართველოზე სიუჟეტებს მოამზადებენ, რათა სამხრეთ აფრიკაში უკეთ გაიცნონ საქართველო და ქვეყანაში მიმდინარე ის წარმატებული რეფორმები, რომლებიც განათლების, ეკონომიკის, ბიზნესის, ტურიზმის სფეროში ხორციელდება.