საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი თბილისის 30-ე საჯარო სკოლის მათემატიკის ღვაწლმოსილ პედაგოგს გიორგი კალანდაძეს სახლში ეწვია, გიორგობა მიულოცა და საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცა. ასევე მინისტრმა გიორგობა ყველა პედაგოგს, განსაკუთრებით კი ამ სახელის მატარებელ მამაკაც პედაგოგებს მიულოცა და წარმატებები უსურვა.
გიორგი კალანდაძე 34 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, მის გაკვეთილებს მოსწავლეები გამორჩეულად საინტერესოდ მიიჩნევენ. გიორგი კალანდაძე არის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი, ერთიანი ეროვნული გამოცდების კომისიის წევრი, მუდმივად ეცნობა სწავლების ინოვაციურ მეთოდებს, რასაც შემდეგ საგაკვეთილო პროცესში იყენებს.
გიორგი კალანდაძემ წარმატებით ჩააბარა სასერტიფიკატო გამოცდა მათემატიკაში. უნარების, უცხო ენისა და კომპიუტერის გამოცდებზე გასვლას გაზაფხულზე გეგმავს.
გიორგი კალანდაძის მეუღლე დარეჯან ცინცაძე 32 წლის განმავლობაში 30-ე საჯარო სკოლაში ფიზიკას ასწავლის, შვილმა ნინო კალანდაძემ გასულ სასწავლო წელს კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და 100%-იანი დაფინანსებით სწავლას თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე აგრძელებს. ასევე წარმატებით ამთავრებს ფიზიკა-მათემატიკურ სკოლას ნინოს ძმა, გელა კალანდაძეც.