საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილეთა მეორე ნაკადი გადამზადებას გადის. ერთკვირიანი ტრენინგის შემდეგ 160 მოხალისე პედაგოგი სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში გაემგზავრებიან და არაქართულენოვან სკოლებში ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად მოსწავლეებს ქართულ ენას გაძლიერებულად შეასწავლიან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ტრენინგები ქალაქ ქუთაისში ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლაში ტარდება. მოხალისე პედაგოგების გადამზადება შემდეგი მიმართულებით ხორციელდება: პროფესიული უნარები, ქართული ენის სწავლების მეთოდოლოგია, ბილინგვური სწავლება და კულტურული მრავალფეროვნება. ტრენინგებს კონკურსის წესით შერჩეული დარგის სპეციალისტები ატარებენ.
პროგრამა ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” 2011 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა. საქართველოს მასშტაბით არსებულ არაქართულენოვან სკოლებში უკვე მოღვაწეობს შერჩეული 150 პედაგოგი, სწორედ მათ რიგებს შეემატება ახალი 160 პედაგოგი. სპეციალურად ამ პროგრამისთვის დონეების მიხედვით შეიქმნა ქართული ენის ახალი სახელმძღვანელო. ამ ეტაპზე გამოცემულია სახელმძღვანელოს ოთხი დონე, წლის ბოლომდე სახელმძღვანელოს თორმეტივე დონე დაიბეჭდება.
მნიშვნელოვანია, რომ ბაკალავრის ხარისხის მქონე მოხალისე პედაგოგებს პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ, სახელმწიფო მაგისტრატურაში სწავლის ხარჯებს სრულად დაუფინანსებს. პროგრამაში მონაწილეობამინიმუმ ბაკალავრის ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს შეუძლია.
Video