აღნიშნული ინიციატივის განხორციელებას ევროკავშირის პროგრამა TEMPUS-ის მიერ დაფინანსებული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროექტი “სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში” ითვალისწინებს. პროექტის პრეზენტაცია სამდღიანი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო.
თსსუ-ნის პროექტმა 2011 წლის ევროკავშირის საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ყველაზე პრესტიჟული პროგრამა TEMPUS-ის მეოთხე საგრანტო კონკურსში (525 საგრანტო განაცხადიდან შერჩეულ იქნა მხოლოდ 62 პროექტი) გაიმარჯვა. სამწლიანი პროექტის მიზანია ევროპული სტანდარტების შესაბამისი დიპლომამდელი სამედიცინო განათლების ახალი მოდელის შემუშავება და დანერგვა ევროკავშირის სამეზობლო ქვეყნებში (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი). ახალი მოდელის პილოტირება საქართველოში დაიწყება და შემდეგ უკრაინისა და აზერბაიჯანის უმაღლეს სასწავლებლებში გავრცელდება.
პროექტს კოორდინაციას ლიდსის უნივერსიტეტი (ბრიტანეთი) უწევს და მასში 7 ქვეყნის 10 წამყვანი უნივერსიტეტია ჩართული. პროექტში ასევე მონაწილეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, აზერბაიჯანის განათლების სამინისტრო და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული ექიმთა ლიცენზირების ცენტრი. პროექტს კონსულტაციას საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭო გაუწევს, რომელიც მსოფლიოში აღიარებული, წამყვანი ექსპერტებითაა წარმოდგენილი.
პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეში ქართული უნივერსიტეტის ინტეგრაციას და მისი კურსდამთავრებულების მაღალი კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფას.
კონფერენციაში
მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის, თბილისის მერიის, სამინისტროების
წარმომადგენლები, რექტორები და უცხოური უნივერსიტეტების 40-მდე წარმომადგენელი.
Video