კონკურსში ”საქართველოს ოკუპაციის ეპიზოდები 1921 წლიდან დღემდე” მონაწილე სკოლებს საპრეზენტაციო ფორმატში უნდა წარმოედგინათ სამი-ხუთი მოსწავლისგან შემდგარი ჯგუფის მიერ მომზადებული ერთი პროექტი. ოკუპაციის ამსახველი მასალები შეეხებოდა როგორც საყოველთაოდ ცნობილ და ისტორიოგრაფიაში ფართოდ გაშუქებულ მოვლენებს, ასევე ნაკლებად ცნობილ ფაქტებსაც.
პირველ ეტაპზე, სამინისტროში შექმნილმა კომისიამ გამოავლინა 15 საუკეთესო პროექტი, რომელთა ავტორებმაც კომისიის წინაშე საკუთარი ნაშრომის პრეზენტაცია წარმოადგინეს. შედეგად, კომისიამ სამი გამარჯვებული სკოლის გუნდი გამოავლინა: თბილისის 81-ე საჯარო (I ადგილი), მარნეულის მე-6 საჯარო (II ადგილი), და ჩხოროწყუს 1-ლი საჯარო (III ადგილი) სკოლები.
გამარჯვებული სკოლები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფულადი პრიზებით: I ადგილზე გასული სკოლა -2500 ლარით, II ადგილი - 1500 ლარით და III ადგილი - 1000 ლარით. ანალოგიური თანხებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ ამ სკოლების გუნდებიც. რაც შეეხება პირველ ეტაპზე გასულ 13 სკოლის გუნდს, მათ სიგელები გადაეცათ.
”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით დაიბეჭდა ქ.თბილისის 48-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლის, ავთანდილ სოფრომაძის ნაშრომი ”სისხლიანი აგვისტო”. ნაშრომი ისტორიული ხასიათისაა და მასში მოვლენების განვითარება მე-16 საუკუნიდან ანუ, რუსეთ-საქართველოს პირველი ურთიერთობების დასაწყისიდან იწყება. ავტორი დეტალურად აღწერს ყველა იმ უარყოფით ფაქტორს, რაც საქართველოს რუსეთის იმპერიასთან ურთიერთობამ მოუტანა. ავთანდილი ორი წლის მანძილზე აგროვებდა ინფორმაციას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და ამ ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით შეიქმნა ნაშრომი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, წიგნი 300 ეგზემპლარად დაიბეჭდა და თბილისის სკოლების ბიბლიოთეკებში დარიგდება.