10.05.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციის” I ყრილობა გაიმართა, რომელიც აზერბაიჯანელთა ეროვნული გმირის, გეიდარ ალიევის დაბადების დღეს მიეძღვნა.
ყრილობის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით ბაქრაძე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე.
“საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციამ” ყრილობაზე მათ მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა, აგრეთვე ორგანიზაციის თავჯდომარემ სამირა ისმაილოვამ სტუმრებს ორგანიზაციის მიღწევები და 3 წლის სტრატეგია გააცნო.
ყრილობის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ ეთნიკური აზერბაიჯანელები, რომლებიც პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ფარგლებში გახდნენ სტუდენტები და დღეს, სახელმწიფო ენაზე ეუფლებიან თავიანთ მომავალ პროფესიებს.
ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს პროექტს, რომლითაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელი და სომეხი აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისას სპეციალური კვოტებით სარგებლობენ - ისინი მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდას მშობლიურ ენაზე (აზერბაიჯანულად და სომხურად) აბარებენ, ერთი წლის განმავლობაში ქართულ ენას ინტენსიურად სწავლობენ და შემდეგ წელს სასურველ ფაკულტეტზე სწავლას, უკვე უმაღლესი განათლების მისაღებად აგრძელებენ.
ასობით სომეხი და აზერბაიჯანელი აბიტურიენტი წელს არჩევანს სამინისტროს მიერ დანერგილ ამ პროგრამაზე აკეთებს, მაშინ როდესაც პროექტის დასაწყისში მხოლოდ 3-4 მსურველი იყო.