რუსი ექსპერტი და მწერალი ლარისა ბურაკოვა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს უშუალოდ გაეცნო და პირველი ექსპერიმენტული სკოლის ”მომავლის კლასს”, პროფესიულ კოლეჯ ”იკაროსსა” და მასწავლებლის სახლს ეწვია.
რუსი ექსპერტი უშუალოდ გაეცნო იმ სწავლების მეთოდებს, რასაც მასწავლებლები ”მომავლის კლასის” მეშვეობით იყენებენ. ”მომავლის კლასი’’ ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, კლასში დამონტაჟებულია ინტერაქტიული „ჭკვიანი“ დაფა და სენსორული მონიტორები. ულტრათანამედროვე ტექნიკის გამოყენებით მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ ჩაატარონ ინტეგრირებული გაკვეთილები, ხოლო სპეციალური მონიტორები სასწავლო პროცესში მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს.
„მომავლის კლასში“ მასწავლებელს საშუალება აქვს მონიტორის საშუალებით თვალყური ადევნოს მოსწავლეების მუშაობას, საჭიროების შემთხვევაში გაუწიოს მათ დახმარება, გაუგზავნოს კომენტარი და მისცეს რჩევები.
პროფესიულ კოლეჯ ”იკაროსში” სტუმარი სასწავლებლის საქმიანობასა და ინფრასტრუქტურას გაეცნო. ”იკაროსში” სპეციალისტების გადამზადება ტურიზმის მიმართულებით შემდეგ სპეციალობებზე მიმდნარეობს: მზარეული; ბარმენი; ოფიციანტი; სასტუმროს მიღება-განთავსებისა და დაჯავშნის სპეციალისტი; კულინარული ხელოვნების სპეციალისტი; სარესტორნო საქმის სპეციალისტი; სასტუმრო საქმის სპეციალისტი.
ექსპერტი მასწავლებლის სახლსაც ეწვია და დაათვალიერა მასწავლებლის სახლში არსებული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი და ტრენინგოთახები. ცენტრის ექსპერტებთან ერთად საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიის მეშვეობით ერთ-ერთ ექსპერიმენტშიც მიიღო მონაწილეობა. მასწავლებლის სახლში ტრენინგები ერთმანეთის პარალელურად ყოველდღიურად 300-მდე პედაგოგს ჩუტარდება.
მასწავლებლის სახლი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და პედაგოგებს სხვადასხვა მიმართულებით ემსახურება-მოკლე და გრძელვადიანი ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და ყველა სასკოლო საგანში, სემინარები, კონფერენციები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ინგლისურ ენაში, კომპიუტერსა და მენეჯმენტში. აქვე ეწყობა თანამედროვე საგანმანათლებლო ლიტერატურის განხილვები ავტორების მონაწილეობით, უცხოელი და ქართველი ტრენერები ატარებენ სამოდელო გაკვეთილებსა და მასტერკლასებს სხვადასხვა საგნებში და ხორციელდება ლაივ კონფერენციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებულ სკოლებთან.
ლარისა ბურაკოვა ავტორია წიგნისა „რატომ გამოუვიდა საქართველოს“, რომელიც ორი წლის წინ გამოვიდა და დიდი დაინტერესება გამოიწვია. წიგნი ეხება საქართველოში გატარებულ რეფომებს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, და იმ წარმატებების აღწერას რასაც მოკლე დროში საქართველომ მიაღწია.
ამ ეტაპზე ლარისა ბურაკოვა კვლავ საქართველოშია და თავისი წიგნისთვის აგროვებს დამატებით ინფორმაციას, რადგან წიგნი უკვე უკრაინაში დაიბეჭდება და უკრაინულად ითარგმნება.