29.06.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ 140 მოხალისე მასწავლებელს სერტიფიკატები გადასცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროგრამას „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ 2011 წლიდან ახორციელებს. პროექტი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებაზეა ორიენტირებული და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის არაქართულენოვან სკოლებში ქართულენოვანი პედაგოგების წარგზავნაა. პროგრამის ფარგლებში არაქართულენოვანი სკოლებისთვის ასევე დაინერგა ქართული ენის ახალი სახელმძღვანელოები.
სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ არაქართულენოვან სკოლებში ქართულ ენაში ჩატარებული ეროვნული შეფასების შედეგად გამოვლინდა, რომ არაქართულენოვან სკოლებში ქართულენოვანი მოხალისეების ჩართულობა და ქართული ენის ახალი სახელმძღვანელოს დანერგვა განათლების რეფორმის ერთ-ერთი წარმატებული კომპონენტია.
პროგრამაში „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ჩართული 300-ზე მეტი მასწავლებლიდან დღეს ის პირველი 140 მოხალისე პედაგოგი დაჯილდოვდა, რომელებიც ერთი აკადემიური წლის მანძილზე იმყოფებოდნენ და წარმატებით ასწავლიდნენ ქართულ ენას ეთნიკურ უმცირესობებს სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში.
მოხალისე მასწავლებლები ადგილობრივ ოჯახში ცხოვრობდნენ და ქართულის გაკვეთილებთან ერთად სკოლის მოსწავლეები ჩართული ჰყავდათ არაფორმალურ განათლებაშიც, შექმნილი ჰქონდათ კლუბები, ხოლო ოჯახში თანაცხოვრების დროს ოჯახის წევრებს ქართული ენის სწავლაში ეხმარებოდნენ. დღეს, სწორედ ამ მასწავლებლებს გადაეცათ სერტიფიკატები. დანარჩენი მოხალისეები ახალი სასწავლო წლიდან მუშაობას გააგრძელებენ და მათ მოხალისეთა ახალი ნაკადი შეუერთდება.
პროგრამაში მონაწილეობა ბაკალავრის ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, რომლისთვისაც ქართული მშობლიური ენაა. არაქართულენოვან სკოლაში ერთი აკადემიური წლის მუშაობის შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველებს 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით აფინანსებს. ამავდროულად, მონაწილეებს პროგრამაში ჩართვა პედაგოგად მუშაობის სტაჟში ეთვლებათ, შესაბამისად, საშუალება აქვთ სკოლაში მუშაობა მასწავლებლებად განაგრძონ და სერტიფიცირების გამოცდა ჩააბარონ.