ამ ეტაპზე, იმ 90 ტრენერის ტრენინგები მიმდინარეობს, რომლებიც 121 საპილოტე სკოლის მასწავლებლებს გადაამზადებენ. ტრენინგ-პროგრამის პირველი ეტაპი 25-27 იანვარს ჩატარდა, მეორე ეტაპი კი, 1-3 თებერვალს გაიმართება. ტრენინგების მიმდინარეობას დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე დაესწრო.
პროექტის საპილოტე ეტაპი 2013 წლის თებერვალში დაიწყება და 2014 წლის ივნისში დასრულდება. პროექტის მიზანს დაწყებით კლასებში კითხვისა და მათემატიკის სწავლებისა და მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესება წარმოადგენს. მიზნის მისაღწევად, ტრენინგ-პროგრამის გარდა, სკოლის ბაზაზე არსებული უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამა განხორციელდება და მშობელთა ჩართულობის ეფექტური სტრატეგიები შემუშავდება. ამასთანავე, სკოლები ისეთ მრავალფეროვან სასწავლო რესურსებს მიიღებენ, როგორიცაა: საკითხავი მასალა მოსწავლეებისთვის, მანიპულატივები მათემატიკის სწავლებისთვის, თვალსაჩინოებები და შეფასების ინსტრუმენტები. სკოლებს ასევე გადაეცემათ სათანადო ტექნიკური აღჭურვილობაც.