ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლებმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ირინე ქურდაძემ პედაგოგებთან შეხვედრა გამართეს.
ამ პროგრამის ფარგლებში, სიმსივნის პრევენციის მიზნით 25–დან 60 წლამდე ასაკის პედაგოგებს საშვილოსნოს ყელის, ხოლო 40-დან 70 წლამდე ასაკის პედაგოგებს სარძევე ჯირკვლის უფასო გამოკვლევები ჩაუტარდებათ.
როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში ქალთა შორის ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნეები ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური პათოლოგიებია. საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში ამ დაავადებათა მკვეთრი ზრდა შეიმჩნევა. ამ ფაქტის გათვალისწინებით პირველად საქართველოში თბილისის მუნიციპალიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის თანადაფინანსებით და საქართველოს პირველი ლედის ქ-ნ სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით 2008 წლის მაისში ამოქმედდა ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის პროგრამა.
სკრინინგ ცენტრის წარმომადგენელმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ირინე ქურდაძემ ისაუბრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროგრამაში პედაგოგების ჩართვა.
ღონისძიების ფარგლებში პედაგოგებს პროგრამის შესახებ საინფორმაციო მასალები და ბუკლეტები დაურიგდათ.