საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სექტორში მიმდინარე მსოფლიო ტენდენციებისა და ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამებისა და ინოვაციების განვითარების თემაზე პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა და კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ქაშიბაძემ წარმოადგინეს.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები ქეთევან ნატრიაშვილი და ალუდა გოგლიჩიძე, შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ უმაღლესი, პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
შეხვედრაზე გამოიკვეთა საქართველოში აუთსორსული პროგრამების განვითარების აუცილებლობა. IT ინოვაციებისა და პროგრამირების განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, აღნიშნული მიმართულების გაძლიერებაში კი, ძალიან დიდი როლი განათლების სექტორს ენიჭება.
საინფორმაციო შეხვედრაზე განისაზღვრა ექსპორტზე ორიენტირებული IT პროგრამების (Android/iOS) სასწავლო/გადასამზადებელი კურსების შემუშავების მნიშვნელობა. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს კერძო თუ სახელმწიფო სასწავლებელთა ბაზაზე არსებული ტრენერების გადამზადებისა და IT სექტორში პროგრამული უზრუნველყოფის ხელშემწყობი მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების შემუშავების აუცილებლობაზე.
ზემოაღნიშნული შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში არსებული IT ინოვაციების ბაზრის პოტენციალი განიხილეს, რომელიც ინჟინერიის მიმართულებით, თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვან პროგრამირების საშუალებას შექმნის და სატელეკომუნიკაციო სექტორში მობილური პლათფორმების დანერგვასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.