2013 წლის სასწავლო ოლიმპიადაზე, თითოეულ საგანში ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, 91 პრიზიორი მოსწავლე გამოვლინდა, რომელთაც I (32 მოსწავლე), II (29) და III (30) ადგილები გაინაწილეს. გამარჯვებულებს შესაბამისად, 1000, 700 და 500 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები და დიპლომები გადაეცათ.
მოსწავლეთა მიერ მიღწეული წარმატებების გათვალისწინებით, რეიტინგული სკოლები გამოვლინდნენ. I, II, და III ადგილზე გასულმა სკოლებმა შესაბამისად, 5000, 4000 და 3000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები მიიღეს.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადები 2009 წლიდან ხორციელდება და მასში ყოველწლიურად საშუალოდ, 270 000-მდე მოსწავლე იღებს მონაწილეობას. ოლიმპიადა რვა საგანში ტარდება: ქართული ენა და ლიტერატურა (ქართულენოვანი და არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის), მათემატიკა, ფიზიკა, ინფორმატიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, უცხოური ენები (ინგლისური, გერმანული, რუსული) და მოიცავს 3 ეტაპს: სასკოლო, რეგიონული და დასკვნითი ტურები. დასკვნით ტურში გამარჯვებული 10 მოსწავლე ეროვნული ნაკრების წევრი ხდება და მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაში იღებს მონაწილეობას. გამარჯვებული მოსწავლეებით დაკომპლექტებული საქართველოს ნაკრები ტრადიციულად, საერთაშორისო ოლიმპიადებიდანაც გამარჯვებული ბრუნდება.
ოლიმპიადებში მონაწილე მოსწავლეთა რიცხვი და მათი მომზადების დონე ყოველწლიურად იზრდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ნიჭიერი მოსწავლეების სხვადასხვა ფორმით წახალისებას.