განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში გამართული შემოქმედებითი კონკურსის ”ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია” გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.
საუკეთესო ნამუშვერები დაათვალიერეს და გამოფენასთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გოკა გაბაშვილმა და პარლამენტის წევრებმა.
კონკურსი ეძღვნებოდა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას. მასში საქართველოში არსებული ყველა სკოლა ჩაერთო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 10 000 - მდე ლიტერატურული და ფერწერული ნამუშევარი შემოვიდა.
რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ნახატები შექმნეს, ხოლო საშუალო და მაღალი საფეხურის მოსწავლეებმა თავისუფალი თემები დაწერეს.
პირველ ეტაპზე თითოეულმა სკოლამ ორი კონკურსანტი გამოავლინა, ხოლო მეორე ეტაპზე სამ-სამი გამარჯვებული ნამუშევარი რეგიონალურმა კომისიებმა შეარჩიეს.
კონკურსის ფინალისტები ცნობილი მწერლებისა და მხატვრებისგან დაკომპლექტებულმა კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. I ადგილზე გასული კონკურსანტები მეოთხე კლასელი ანა გეგეჭკორი და მეათე კლასელი ბათუ ბიბლაია პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ, II და III ადგილზე გასულ მოსწავლეებს გადაეცათ ფულადი პრიზები 500 და 300 ლარის ოდენობით, 40-მდე მოსწავლეს კი ფინალურ ტურში გასვლისათვის სიგელები გადაეცათ. პორტატული კომპიუტერებით დაჯილდოვდა ასევე, ნომინაციაში ”მინისტრის ფავორიტი” - გამარჯვებული საუკეთესო ნახატისა და საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოების ავტორი 2 მოსწავლე პირველკლასელი ჯუნა კაპანაძე და მეთორმეტე კლასელი ირაკლი რატიანი.
კონკურსი ყოველწლიურად ჩატარდება. მისი მიზანია ფართო საზოგადეობისთვის ის ემოციები გახდეს ცნობილი, რაც ბავშვებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში განიცადეს.