მოსწავლეების ვიზიტი დიდ ბრიტანეთში დატვირთული იყო როგორც აკადემიური, ასევე არააკადემიური აქტივობებით. ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლებასთან ერთად, მათ ჰქონდათ უამრავი თემატური ექსკურსია, ცხოვრობდნენ ტრადიციულ ბრიტანულ ოჯახებში და ეცნობოდნენ მათ ტრადიციებსა და კულტურას.
,,ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში’’ ერთ-ერთია იმ ოთხ პროექტს შორის რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ,,ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში’’ ახორციელებს. პროექტი წყნეთში - ,,ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისის’’ ბაზაზე მიმდინარეობდა, აღნიშნული მოსწავლეები იმყოფებოდნენ საზაფხულო სკოლის, მეორე ნაკადაზე, 7 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით. მომდევნო 8 გამარჯვებული მოსწავლე, დიდ ბრიტანეთში, ანალოგიური სასწავლო და კულტურული გამოცდილების მისაღებად, 15 სექტემბერს გაემგზავრება.
”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში” მონაწილეობას საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები ღებულობენ. მოსწავლეების შერჩევა საგნობრივი ოლიმპიადების შედეგებისა და ინგლისური ენის საბაზისო ცოდნის საფუძველზე ხდება. 600 მოსწავლიდან 32 საუკეთესო მოსწავლე ირჩევა, რომლებიც 2 კვირით ეტაპობრივად ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე გაერთიანებულ სამეფოში მიემგზავრება.
წყნეთის ბაქსვუდის სკოლაში მოსწავლეები დასვენებასთან ერთად, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის მიერ სპეციალურად ამ პროგრამისთვის შექმნილი სახელმძღვანელოებით ინგლისური ენის ცოდნასაც იღრმავებენ. ლიდერებად საზაფხულო სკოლაში პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული უცხოენოვანი პედაგოგები მუშაობენ.
სკოლაში აქტივობების პროგრამა ინგლისური მხარის მიერ არის შემუშავებული და მოსწავლეთა ინტელექტუალური, სპორტული და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებაზეა ორიენტირებული. სწავლაში გამორჩეული და წარმატებული მოსწავლეების წახალისების ეს ფორმა ძალზე მნიშვნელოვანია, მოსწავლეებში მოტივაცია ჩნდება და ყოველწლიურად იზრდება სასკოლო ოლიმპიადებში მონაწილეთა რაოდენობა.