საქართველოში ABET-ის ფონდის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანია სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა პროგრამული და სამეცნიერო/ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესწავლა და საბუნებისმეტყველო და საინჟინრო პროგრამების საერთაშორისო ABET-აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრა.
პროექტს, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ ახორციელებს. ჩატარებული კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება საქართველოში ამერიკული პარტნიორი უნივერსიტეტების საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებების პროგრამების შერჩევისთვის.
კვლევის შედეგები ასევე მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, მათი პროგრამული განვითარების სრულყოფისა და გრძელვადიანი სტრატეგიის დაგეგმვა-განხორციელებისთვის.
ABET-ის ფონდის ექსპერტები ახორციელებენ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების ათი საბუნებისმეტყველო და საინჟინრო პროგრამის შეფასებას და მათგან ხუთი პროგრამისათვის ABET აკრედიტაციის მოპოვებისათვის საჭირო დეტალური სტრატეგიის შემუშავებას. ეს უნივერსიტეტებია - ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკ.წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ABET, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭო, წარმოადგენს აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც აკრედიტაციას ანიჭებს საგანმანათლებლო პროგრამებს გამოყენებით, კომპიუტერულ, საინჟინრო, და საინჟინრო-ტექნოლოგიურ მეცნიერებებში. საბჭოს მიერ აკრედიტაცია მინიჭებული აქვს 3000-ზე მეტ პროგრამას, 600-ზე მეტ უნივერსიტეტში.