საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფუნქციონირება დაიწყო კრიმინალისტიკის ლაბორატორიამ, რომლის ანალოგიც ამიერკავკასიაში არ არსებობს. სტუდენტებისთვის განკუთვნილი თანამედროვე ლაბორატორია დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა მოინახულეს.
კრიმინალისტიკის ლაბორატორიის შექმნისა და ფუნქციონირების აუცილებლობა იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ ბოლო წლებში დანაშაულის გახსნისა და გამოძიების პროცესში კრიმინალისტიკური ტექნიკა, ტაქტიკა და მეთოდოლოგია ნაკლებად გამოიყენებოდა. ამის შედეგად, სასწავლო დაწესებულებებში შემცირდა ინტერესი კრიმინალისტიკის მიმართ და ერთ დროს სტუდენტისათვის მეტად საინტერესო და მიმზიდველმა საგანმა მეორე პლანზე გადაინაცვლა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, მიიღო გადაწყვეტილება სამართლის დეპარტამენტში შექმნილიყო კრიმინალისტიკის თანამედროვე ლაბორატორია, რისთვისაც 70 000 ლარი გამოიყო. ლაბორატორიის ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანადგომით გახდა შესაძლებელი და იგი ანალოგიურია აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში არსებული აღჭურვილობისა.
ლაბორატორიის დანიშნულებაა:
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს სასამართლო დარბაზი იმიტირებული პროცესების ჩასატარებლად და სამართლის კლინიკა, სადაც სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა, იურიდიულ საკითხებზე კონსულტაციას უწევენ იძულებით გადაადგილებულ პირებს და ტექნიკური უნივერსიტეტის მოსამსახურეებს.