იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საჯარო და კერძო სკოლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ აქციის დეტალები გააცნეს.
ღონისძიების ბოლოს მინისტრებმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები 10 პედაგოგს გადასცეს.
საახალწლო აქცია პედაგოგებისათვის 23 დეკემბერს დაიწყება. აქციის ფარგლებში პირადობის მოწმობების უფასოდ აღებას საჯარო და კერძო სკოლების ის პედაგოგები შეძლებენ რომლებსაც პირადობის ახალი მოწმობა ჯერ არ მიუღიათ. მასწავლებლებს რაიმე სახის დოკუმენტაციის წარდგენა არ მოუწევთ, მათი იდენტიფიკაცია მონაცემთა ბაზის მიხედვით მოხდება. აქცია 23 იანვრამდე გაგრძელდება.
თბილისში პედაგოგებმა შემდეგ დროებით სერვის-ცენტრებს უნდა მიმართონ: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი, (აღსრულების ეროვნული ბიურო); ვაჟა-ფშველას #1, (ეროვნული არქივი); აღმაშენებლის გამზირი 89/24 საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახური (მარჯანიშვილის მეტროსთან).
მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის შენობის მარცხენა მხარეს. დროებითი ფილიალები მომხმარებლებს 09:00 საათიდან 19:00 საათამდე მოემსახურებიან.
მიმდინარე წლის განმავლობაში, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, უფასო პირადობის მოწმობები უკვე გადაეცათ სრულწლოვან დევნილებსა და რეგისტრაციიდან მოხსნილ პირებს. აქციების ფარგლებში, საერთო ჯამში, იუსტიციის სახლმა 75 000-მდე უფასო პირადობის მოწმობა გასცა.