უმაღლესი სასწავლებლების ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტის ფარგლებში, რეგიონალური უმაღლესი სასწავლებლების რეაბილიტაცია სამინისტროსთვის პრიორიტეტულია, ასეთ უნივერსიტეტებს განეკუთვნება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც 1990 წელს დაარსდა და 2013 წლიდან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსით ფუნქციონირებს.
უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსები განთავსებულია ახალციხესა და ახალქალაქში. დღეისათვის, ახალქალაქში ფუნქციონირებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების და ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამები. ჯავახეთი უაღრესად მწვავედ განიცდის სახელმწიფო ენის მცოდნე მასწავლებელთა დეფიციტს, ამიტომ უნივერსიტეტში იგეგმება დაწყებითი განათლების საბაკალავრო და მასწავლებლის მომზადების პროგრამების განხორციელება, ელექტრიკოსებისა და შემდუღებლების პროფესიული პროგრამების ამოქმედება, ვეტერინარული და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის მომსახურებისათვის საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადება.
ზემოაღნიშნული პროფესიული პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს ახალქალაქში სტუდენტი-ახალგაზრდობის მოზიდვას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. თუმცა, უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლი ამ ეტაპზე მთლიანად გაძარცვულია, მოშლილია საინჟინრო კომუნიკაციები (წყალმომარაგების, კანალიზაციის, გათბობის, ელექტრომომარაგების, გაზიფიკაციის ქსელები).
იმის გამო, რომ ადგილზე არ არსებობს აკადემიური ხარისხის მქონე პერსონალი, პროფესორ-მასწავლებელთა სრული შემადგენლობა ყოველდღე დადის ახალციხიდან ახალქალაქში. თანამედროვე სტანდარტების საერთო საცხოვრებლის არსებობა ხელს შეუწყობს აკადემიური პერსონალისთვისაც საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას.