საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების წარმომადგენლები დღეს, პროფორიენტაციის ღია გაკვეთილს თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში დაესწრნენ, უფროსკლასელებს გაესაუბრნენ და მათი შეფასებები მოისმინეს.
პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამას კონკურსის წესით შერჩეული კონსულტანტები ახორციელებენ, რომელთაც გადასამზადებელი ტრენინგები შემდეგი მიმართულებით გაიარეს: პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის ძირითადი ასპექტები, კომუნიკაცია, მოზარდის ასაკობრივი თავისებურებები. 2013-2014 სასწავლო წელს პროგრამა 107 საპილოტე სკოლაში განხორციელდა, 2014-2015 სასწავლო წელს საპილოტე სკოლების რაოდენობა 482 - მდე გაიზარდა.
ყველა საპილოტე სკოლაში თვეში ერთხელ, სადამრიგებლო საათის ფარგლებში, პროფკონსულტანტები კლასის დამრიგებლებთან ერთად პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილებს ატარებენ. დამრიგებლები ამისათვის სპეციალურ გადამზადების კურსს გადიან. მასწავლებელთა გადასამზადებელი ტრენინგ-მოდულების მომზადებაში პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კოორდინატორებთან ერთად, ჩართულია სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით იგეგმება და ხორციელდება ექსკურსიები ორგანიზაციებსა და საწარმოებში და ასევე, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. საპილოტე სკოლებში ეწყობა შეხვედრები განსხვავებული პროფესიის წარმომადგენლეთან, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებს საშუალება აქვთ უკეთ გაეცნონ მათთვის საინტერესო პროფესიის ძირითად მახასიათებლებსა და იმ პროფესიებს, რომელიც შრომით ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია. პროგრამა ხელს უწყობს სკოლებისა და დამსაქმებლების ერთმანეთთან დაკავშირებას და თანამშრომლობას.