ვიზიტის ფარგლებში ერიკ ფალტი შეხვდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, თამარ სანიკიძეს და მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი შარვაშიძეს.
შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა სფეროში. მათ შორის საუბარი შეეხო UNESCO-ს კათედრების საკითხს. აღინიშნა, რომ რომ ორივე მხარე მიესალმება საქართველოში წლების განმავლობაში წარმატებით მოქმედი UNESCO-ს კათედრების აღდგენას.
UNESCO ასევე იზრუნებს, რომ განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტში (International Institute for Educational Planning (IIEP) მოხდეს განათლების მართვის ქართველი სპეციალისტების მომზადება. ერიკ ფალტი განსაკუთრებით მიესალმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივას, რომლის თანახმადაც მზადდება დოკუმენტი - განათლების მიმართულებების (სფეროების) ჩამონათვალი, რომელიც დაეფუძნება იუნესკოს „განათლების საერთაშორისო სტანდარტულ კლასიფიკაციას” (ISCED-F-2013), რაც ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის სტატისტიკური მონაცემების ჰარმონიზაციას ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დიპლომების აღიარებას.