12.03.2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 199-ე საჯარო სკოლის (ყოფილი კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა) კურსდამთავრებულთა ”კლუბ კომაროველის” (ALUMNI) წევრებს შეხვდა და სკოლის შემდგომი განვითარების თაობაზე სკოლის წარმომადგენელთა და კლუბის წევრთა წინადადებები მოისმინა.
შეხვედრის მონაწილეთა მოსაზრებების გათვალისწინებით დიმიტრი შაშკინმა რამდენიმე ახალ ინიციატივაზე განცხადება გააკეთა - მინისტრის გადაწყვეტილებით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკოლის საერთი საცხოვრებელს, რაზეც 270 000 ლარი გამოიყოფა. 199-ე საჯარო სკოლა პანსიონური მომსახურებისაა, ცუდი პირობების გამო, ამჟამად სკოლის საერთო საცხოვრებელში მხოლოდ 80 მოსწავლეა დაბინავებული. ახალი სასწავლო წლიდან კი, საქართველოს რეგიონებიდან 200-მდე ნიჭიერი მოზარდი ფიზიკა-მათემატიკურ სკოლა-პანსიონში უფასოდ სწავლასა და ცხოვრებას შესძლებს.
მინისტრმა ასევე გაითვალისწინა სკოლისა და ”კლუბ კომაროველის” წევრთა სურვილი და მიიღო გადაწყვეტილება 199- ე საჯარო სკოლას ძველი სახელი და სტატუსი დაუბრუნდეს და უკვე ხვალიდან თბილისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონი ”კომაროვი” ეწოდოს. შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა სკოლის ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფასა და პედაგოგთა წახალისების ფორმებზე. მინისტრმა სკოლას საჩუქრად ათი კომპიუტერი გადასცა. საუბარი ასევე შეეხო სპეციალიზირებულ სკოლაში ჩარიცხვისა და სახელმძღვანელოების თემებსაც.